ექსპერტის ინტერვიუ
პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომი მოზარდებში — დიაგნოზი, რომელიც სიფრთხილეს მოითხოვს
მოზარდობის პერიოდში არარეგულარული მენსტრუალური ციკლი და აკნე საკმაოდ ხშირად გვხვდება. ზოგ შემთხვევაში შეიძლება აღინიშნებოდეს ჭარბთმიანობაც, რაც ხშირად მშობლებისა და თავად მოზარდის შეშფოთების მიზეზი ხდება. ამ ნიშნების შეფასება მარტივი არ არის, რადგან ისინი შეიძლება იყოს როგორც პუბერტატის ფიზიოლოგიური ნაწილი, ისე ისეთი დაავადების პირველი გამოვლინება, რომელსაც მომავალში შესაძლოა გავლენა ჰქონდეს რეპროდუქციულ და მეტაბოლურ ჯანმრთელობაზე.
სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომის დიაგნოზი მოზარდებში ერთ-ერთი ყველაზე რთული კლინიკური გამოწვევაა. ნაჩქარევმა დიაგნოზმა შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერდიაგნოსტიკა და არასაჭირო მკურნალობა, ხოლო დაგვიანებულმა შეფასებამ — სიმპტომებისა და მეტაბოლური რისკების მართვის გადავადება.
ამ მნიშვნელოვან თემაზე გვესაუბრება პროფესორი ელენე ასანიძე, მედიცინის დოქტორი, მეან-გინეკოლოგი, ბავშვთა და მოზარდთა გინეკოლოგი.
2026 წელს პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომისთვის ახალი საერთაშორისო სახელწოდება — პოლიენდოკრინული მეტაბოლური საკვერცხეების სინდრომი იქნა შეთავაზებული. რას უკავშირდება ეს ცვლილება და რატომ გახდა ის საჭირო?
პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომი (პსს) მხოლოდ გინეკოლოგიური პათოლოგია არ არის. ის წარმოადგენს კომპლექსურ, მრავალსისტემურ ენდოკრინულ-მეტაბოლურ მდგომარეობას, რომელიც გავლენას ახდენს არა მხოლოდ რეპროდუქციულ, არამედ მეტაბოლურ, გულ-სისხლძარღვთა და ფსიქოემოციურ ჯანმრთელობაზეც. სწორედ ამიტომ, 2026 წელს საერთაშორისო ექსპერტთა კონსენსუსის საფუძველზე შემოთავაზებული იქნა ახალი სახელწოდება — პოლიენდოკრინული მეტაბოლური საკვერცხეების სინდრომი (პმსს).
ახალი სახელწოდება უკეთ ასახავს ამ მდგომარეობის მრავალსისტემურ ბუნებას და ხაზს უსვამს, რომ მისი არსი მხოლოდ საკვერცხეების ცვლილებებით არ შემოიფარგლება. ძველი სახელწოდება ხშირად ქმნიდა შთაბეჭდილებას, თითქოს პრობლემა მხოლოდ საკვერცხეებში არსებულ „კისტებს“ უკავშირდებოდა, მაშინ როცა მდგომარეობა ჰორმონულ და მეტაბოლურ პროცესებს მოიცავს. ახალი ტერმინის დანერგვა ეტაპობრივად მოხდება და მისი სრული ინტეგრაცია 2028 წლის საერთაშორისო გაიდლაინის განახლებასთან არის დაკავშირებული; გარდამავალ პერიოდში კი ორივე ტერმინის გამოყენება შესაძლებელია.
რატომ არის მისი დიაგნოსტიკა განსაკუთრებით რთული მოზარდებში და რაში მდგომარეობს მთავარი კლინიკური სირთულე ამ ასაკობრივ ჯგუფში?
მოზარდებში პსს-ის დიაგნოსტიკა განსხვავდება რეპროდუქციული ასაკის ქალებში დიაგნოსტიკისგან და განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს. მთავარი კლინიკური სირთულე პუბერტატის ფიზიოლოგიური ცვლილებებისა და პსს-ის კლინიკური გამოვლინებების ერთმანეთისგან გამიჯვნაა.
არარეგულარული მენსტრუალური ციკლი, აკნე და ულტრაბგერითი კვლევით გამოვლენილი საკვერცხეების პოლიცისტური მორფოლოგია მოზარდობის პერიოდში ხშირად ფიზიოლოგიური პუბერტატის გამოვლინებაა, თუმცა მსგავსი ნიშნები შესაძლოა პსს ახასიათებდეს. სწორედ ამიტომ არსებობს როგორც ჰიპერდიაგნოსტიკის, ისე დიაგნოზის დაგვიანების რისკი.
ამდენად, მოზარდებში პსს-ის დიაგნოზი უნდა ეფუძნებოდეს მკაფიო, ასაკის შესაბამის კრიტერიუმებს.
რა კრიტერიუმებს უნდა დაეყრდნოს დღეს ექიმი მოზარდებში პსს-ის დიაგნოზის დასმისას და რომელი მდგომარეობების გამორიცხვაა აუცილებელი დიფერენციალური დიაგნოსტიკის პროცესში?
2023 წლის საერთაშორისო მტკიცებულებებზე დაფუძნებული რეკომენდაციების მიხედვით, მოზარდებში პსს-ის დიაგნოზი უნდა დაისვას მხოლოდ მაშინ, როდესაც ერთდროულად არსებობს ორი აუცილებელი კრიტერიუმი:
- მენსტრუალური ციკლის დარღვევა/ოვულატორული დისფუნქცია, რომელიც შეფასებულია გოგონას ასაკისა და მენარქიდან გასული დროის გათვალისწინებით;
- კლინიკური და/ან ბიოქიმიური ჰიპერანდროგენიზმი.
დიაგნოზის დასმამდე აუცილებელია გამოირიცხოს სხვა მდგომარეობები, რომლებიც შეიძლება იწვევდეს მენსტრუალური ციკლის დარღვევას ან ჰიპერანდროგენიზმს, მათ შორის ფარისებრი ჯირკვლის დარღვევები, ჰიპერპროლაქტინემია, თირკმელზედა ჯირკვლის არაკლასიკური თანდაყოლილი ჰიპერპლაზია, კუშინგის სინდრომი და ანდროგენების მაპროდუცირებელი სიმსივნეები.
ქალბატონო ელენე, თქვენ ჰიპერანდროგენიზმი ახსენეთ, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დიაგნოსტიკური კრიტერიუმი. იქნებ განგვიმარტოთ, რას ნიშნავს ჰიპერანდროგენიზმი და რა კლინიკურ გამოვლინებებს უნდა მიაქციონ ყურადღება მშობელმა ან თავად მოზარდმა?
ჰიპერანდროგენიზმი არის მდგომარეობა, როდესაც გოგონას ან ქალის ორგანიზმში ანდროგენების, ე.წ. მამაკაცური ჰორმონების, გავლენა მომატებულია. ანდროგენები ქალის ორგანიზმშიც ბუნებრივად არსებობს, მაგრამ როცა მათი დონე ჭარბია, შეიძლება სხვადასხვა სიმპტომი გამოიწვიოს.
კლინიკური ჰიპერანდროგენიზმი შეიძლება გამოვლინდეს ჰირსუტიზმით, ანუ ჭარბთმიანობით — უხეში (ტერმინალური) თმის ჭარბი ზრდით ანდროგენ-დამოკიდებულ უბნებში, მაგალითად სახეზე, მკერდზე, მუცლის შუა ხაზზე ან ზურგზე; ასევე მძიმე ან მკურნალობაზე რეზისტენტული აკნეთი ან, შედარებით იშვიათად, ანდროგენული ალოპეციით, ანუ თმის შეთხელებით/გამელოტებით.
ბიოქიმიური ჰიპერანდროგენიზმი გულისხმობს სისხლში ანდროგენების მომატებულ დონეს, რომელიც უნდა დადასტურდეს შესაბამისი ლაბორატორიული კვლევებით.
მშობლებს ხშირად აინტერესებთ, როდის შეიძლება არარეგულარული მენსტრუალური ციკლი მოზარდობისთვის ფიზიოლოგიურ მოვლენად ჩაითვალოს და როდის არის უკვე საჭირო დამატებითი შეფასება?
ეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კითხვაა.
მოზარდობის პერიოდში რეპროდუქციული სისტემა ჯერ კიდევ მომწიფების პროცესშია, სწორედ ამიტომ ციკლის შეფასება ყოველთვის უნდა მოხდეს ასაკისა და მენარქიდან გასული დროის მიხედვით.
მენარქის, ანუ პირველი მენსტრუაციის შემდეგ, პირველ წელს ციკლის არარეგულარულობა ხშირად ფიზიოლოგიურია და პუბერტატული პერიოდისთვის დამახასიათებელ მოვლენად ითვლება. მენარქიდან ერთიდან სამ წლამდე პერიოდში ციკლებს შორის 21–45-დღიანი ინტერვალი, როგორც წესი, დასაშვებია, ხოლო 21 დღეზე ნაკლები ან 45 დღეზე მეტი ინტერვალი დამატებით შეფასებას საჭიროებს.
მენარქიდან სამი წლის შემდეგ ციკლი, ჩვეულებრივ, 21–35 დღის ფარგლებში რეგულირდება. ამ პერიოდში საყურადღებოა 21 დღეზე ნაკლები ან 35 დღეზე მეტი ინტერვალი, ასევე წელიწადში რვაზე ნაკლები მენსტრუალური ციკლი.
ამასთან, მენარქიდან ერთი წლის შემდეგ ციკლებს შორის 90 დღეზე ხანგრძლივი ინტერვალი, თუნდაც მხოლოდ ერთხელ დაფიქსირდეს, დამატებით შეფასებას მოითხოვს.
ექიმთან მიმართვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ ციკლის დარღვევას თან ახლავს ჭარბთმიანობა, გამოხატული აკნე, წონის მნიშვნელოვანი ცვლილება ან სხვა სიმპტომები, რომლებიც შესაძლოა პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომზე მიუთითებდეს. ამრიგად, მენარქის შემდგომ პერიოდში გარკვეული არარეგულარულობა მოსალოდნელია, თუმცა ასაკისთვის შეუსაბამო ციკლის სიხშირე და ხანგრძლივი ინტერვალები მხოლოდ „მოზარდობის თავისებურებად“ არ უნდა ჩაითვალოს. დროული შეფასება დარღვევის ადრეულ გამოვლენასა და სწორ მართვას უზრუნველყოფს.
ზრდასრულ ქალებში პსს-ის დიაგნოსტიკისას ულტრაბგერით (უბგ) გამოვლენილი საკვერცხეების პოლიცისტური მორფოლოგია ერთ-ერთ დიაგნოსტიკურ კრიტერიუმად განიხილება. აქვს თუ არა იგივე მნიშვნელობა ამ კვლევას მოზარდებში?
რეპროდუქციული ასაკის ქალებისგან განსხვავებით, მოზარდებში უბგ კვლევით გამოვლენილი პოლიცისტური საკვერცხეების მორფოლოგია და ანტიმიულერული ჰორმონის განსაზღვრა პსს-ის დიაგნოსტიკურ კრიტერიუმად არ გამოიყენება.
ამის მიზეზია ის, რომ პუბერტატის პერიოდში მრავალ ჯანმრთელ მოზარდს შეიძლება აღენიშნებოდეს საკვერცხეების პოლიცისტური მორფოლოგია და ანტიმიულერული ჰორმონის ფიზიოლოგიურად შედარებით მაღალი დონე. შესაბამისად, ამ კვლევებზე დიაგნოზის დასმის მიზნით დაყრდნობამ შეიძლება მნიშვნელოვნად გაზარდოს ჰიპერდიაგნოსტიკის რისკი.
მოქმედი რეკომენდაციების მიხედვით, მენარქიდან 8 წლამდე საკვერცხეების პოლიცისტური მორფოლოგია უბგ კვლევით და ანტიმიულერული ჰორმონი პსს-ის დიაგნოსტიკისთვის არ უნდა იქნას გამოყენებული, რადგან ამ ასაკობრივ პერიოდში მათი მაჩვენებლები ხშირად ფიზიოლოგიურ თავისებურებებს ასახავს და არა აუცილებლად პათოლოგიას.
ხშირად მიიჩნევა, რომ პსს ავტომატურად ინსულინრეზისტენტობას ნიშნავს. რამდენად სწორია ეს შეხედულება და რეკომენდებულია თუ არა რუტინული სკრინინგი?
ინსულინრეზისტენტობა პმსს-ის მნიშვნელოვანი მეტაბოლური კომპონენტია, თუმცა ის დიაგნოსტიკურ კრიტერიუმს არ წარმოადგენს და ყველა მოზარდს არ აღენიშნება. პუბერტატის პერიოდში ინსულინის მიმართ მგრძნობელობა ფიზიოლოგიურადაც მცირდება, ამიტომ ინსულინის დონის ან ინსულინრეზისტენტობის ინდექსის (HOMA-IR) რუტინული განსაზღვრა პსს-ის დიაგნოზის დასადასტურებლად რეკომენდებული არ არის.
ამისგან განსხვავებით, პსს-ის დიაგნოზის დროს გლიკემიური სტატუსის შეფასება რეკომენდებულია ყველა მოზარდში, სხეულის მასის ინდექსის მიუხედავად. შეფასება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჭარბი წონის ან სიმსუქნის, შაქრიანი დიაბეტის ოჯახური ანამნეზისა და სხვა კარდიომეტაბოლური რისკ-ფაქტორების არსებობისას. ყველაზე ზუსტ მეთოდად მიიჩნევა გლუკოზისადმი ტოლერანტობის ორალური ტესტი.
კლინიკურ პრაქტიკაში როგორ ვიპოვოთ სწორი ბალანსი, რომ ერთი მხრივ თავიდან ავიცილოთ ჰიპერდიაგნოსტიკა და, მეორე მხრივ, არ დაგვიანდეს პსს-ის დროული გამოვლენა და მეთვალყურეობა?
თუ მოზარდი ჯერ არ აკმაყოფილებს პმსს-ის სრულ დიაგნოსტიკურ კრიტერიუმებს, მაგრამ აქვს გარკვეული კლინიკური ნიშნები, ასეთ შემთხვევებში გამოიყენება ტერმინი „პსს-ის განვითარების მომატებული რისკი“. ამ სტატუსის მქონე მოზარდებში მნიშვნელოვანია დინამიური მეთვალყურეობა: ციკლის, ჰიპერანდროგენიზმის ნიშნებისა და გლუკოზის ცვლის პერიოდული შეფასება.
თუ მოზარდს პსს-ის დიაგნოზი დაუდასტურდა, როგორ იგეგმება მართვა და როდის განიხილება მედიკამენტური მკურნალობა?
პსს-ის მართვა ინდივიდუალურად იგეგმება და დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი კლინიკური გამოვლინება დომინირებს. გათვალისწინებული უნდა იყოს სიმპტომების სიმძიმე, მოზარდის ასაკი, მენარქიდან გასული დრო, სხეულის მასა, ცხოვრების ხარისხი და თავად მოზარდის პრიორიტეტები. შესაბამისად, დიაგნოზის დადასტურება ავტომატურად მედიკამენტური მკურნალობის დაწყებას არ ნიშნავს.
მნიშვნელოვანია პსს-ის ფენოტიპის შეფასება, რადგან ეს ექიმს მკურნალობის ძირითადი მიზნების განსაზღვრასა და მართვის ტაქტიკის ინდივიდუალურად შერჩევაში ეხმარება.
მართვის საფუძველია ცხოვრების ჯანსაღი წესის მხარდაჭერა, რაც მოიცავს სრულფასოვან კვებას, რეგულარულ ფიზიკურ აქტივობასა და ადეკვატურ ძილს. ეს რეკომენდაციები ყველა მოზარდს ეხება, სხეულის მასის მიუხედავად. ჭარბი წონის ან სიმსუქნის შემთხვევაში სხეულის მასის ეტაპობრივი და ჯანსაღი მართვა ხშირად აუმჯობესებს მენსტრუალურ ფუნქციასა და მეტაბოლურ მაჩვენებლებს, ასევე ამცირებს ჰიპერანდროგენიზმის გამოვლინებებს.
მედიკამენტური მკურნალობა განიხილება მაშინ, როდესაც სიმპტომები გამოხატულია, გავლენას ახდენს მოზარდის ფიზიკურ ან ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე და მხოლოდ ცხოვრების წესის ცვლილებით საკმარისად არ კონტროლდება. მენსტრუალური ციკლის დარღვევის, აკნესა და ჰირსუტიზმის მართვისთვის შესაძლებელია დაბალდოზიანი კომბინირებული ჰორმონული კონტრაცეპტივის გამოყენება, უკუჩვენებების წინასწარი შეფასების შემდეგ. ინსულინის მიმართ მგრძნობელობის გასაუმჯობესებელი პრეპარატების, უპირველესად მეტფორმინის, დანიშვნა ინდივიდუალურად განიხილება.
ანტიანდროგენული მკურნალობა შეიძლება დაემატოს მხოლოდ სპეციალისტის მეთვალყურეობითა და ეფექტური კონტრაცეფციის ფონზე, თუ სულ მცირე ექვსთვიანი ჰორმონული და კოსმეტიკური მკურნალობის მიუხედავად ჰირსუტიზმი კვლავ კლინიკურად მნიშვნელოვანი რჩება.
ამრიგად, მკურნალობის მიზანი მხოლოდ მენსტრუალური ციკლის რეგულირება არ არის. ის ასევე მოიცავს ჰიპერანდროგენული სიმპტომების შემცირებას, მეტაბოლური რისკების მართვასა და მოზარდის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.
შესაძლებელია თუ არა პსს-ის საბოლოოდ განკურნება?
პსს ქრონიკული მდგომარეობაა და ხანგრძლივ, ინდივიდუალურად მორგებულ მართვას მოითხოვს. მიუხედავად იმისა, რომ მისი საბოლოოდ განკურნება ყოველთვის შესაძლებელი არ არის, თანამედროვე მიდგომებით შესაძლებელია სიმპტომების ეფექტური კონტროლი, მენსტრუალური ფუნქციის გაუმჯობესება, მეტაბოლური და რეპროდუქციული რისკების შემცირება და ცხოვრების ხარისხის მნიშვნელოვნად გაუმჯობესება.
ინტერვიუ მოამზადა და ჩაწერა ალექსანდრე ასანიძემ.
სტატია ატარებს საინფორმაციო ხასიათს და არ ცვლის ექიმთან კონსულტაციას.
ყველა სტატია